ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლება აღუკვეთეს

პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

“თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, მათ  12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. რის შემდეგაც, აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობის (179-ე მუხლი), გაუპატიურების (137-ე მუხლი) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (138-ე მუხლი) მუხლებით. ბრალდებული დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აქედან 3 წელი განესაზღვრა რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით, საქმეში ასევე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი.