ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის ათივე ბავშვი კიევში, პრეზიდენტის თვითმფრინავით წაიყვანეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის, იულია სუსლიაკის ათივე შვილი,  კიევში  გაემგზავრა.

ბავშვები ბებიებთან ერთად საქართველოდან გუშინ საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით გაემგზავრნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში უკრაინის პრეზიდენტის  რწმუნებულიც იმყოფებოდა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ამოლაპარაკებებს წარმოებდა.

„ჩვენ კარგად გვესმის თუ რატომ იყო საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება ამ საქმესთან დაკავშირებით. ბავშვები ასაკიდან და მათი დაბადების ადგილებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაუშვეს, რომ შესაძლოა ადგილი ბავშვებით უკანონო ვაჭრობას ჰქონდა. ეს ყოველივე ვითარებაში გარკვევას საჭიროებდა. უკრაინის პრეზიდენტმა სასწრაფოდ გამომგზავნა საქართველოში. ჩვენ გვესმის რომ შესაძლოა ქართული მხარე არ იყო მზად ჩვენი დაუგეგმავი ვიზიტისთვის, თუმცა საელჩოს შუამდგომლობით უმოკლეს დროში ყველა ოფიციალური საკითხი მოგვარებული იყო და ქართული მხარისგან ბავშვებს უკრაინაში გადაყვანაზე თანხმობა სწრაფად მივიღეთ,”-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულმა ბავშვთა უფლებების საკითხებში მიკოლა კულებამ.

ბავშვების დედა  დედა იულია სუსლიაკი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. საქმეზე გამოძიება კვლავ, ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე მიმდინარეობს.