წაიღებს თუ არა ივანიშვილი უკან თავის მუქარას

ბიძინა ივანიშვილი 25 თებერვალს უმრავლესობის დეპუტატების ჯგუფს ხვდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელი დეპუტატები შედიან ამ ჯგუფში და რის მიხედვით მოხდება დეპუტატების დაჯგუფება. როგორც ჩანს უმრავლესობის მთელი შემადგენლობის  ერთად შეკრება უკვე არაეფექტურია.  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი დეპუტატების ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს თავად ქართულმა ოცნებამ გაავრცელა.
“ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე.“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც 22 თებერვალს გავრცელდა.
ივანიშვილი პირველ რიგში დეპუტატების იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
პარასკევს დახურულ შეხვედრამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პარტიიდან ყველა იმ დეპუტატს გარიცხავდა, ვინც ბესელიას კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის კენჭისყრამდე უმრავლესობის წევრებმა საერთო ჩატში მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბესელიას კანონპროექტის მხარდაჭერა პარტიიდან გარიცხვას ნიშნავდა, თუმცა დეპუტატთა ნაწილი მუქარას არ დაემორჩილა და კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა. პარასკევს საღამოს ელოდნენ, რომ ივანიშვილი მათ პარტიიდან გარიცხავდა, თუმცა როგორც ჩანს ივანიშვილმა მუქარის შესრულება გადაავადა, რადგან დაინახა, რომ ეს უმრავლესობის დაშლის შეუქცევად პროცესს გამოიწვევდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ შეხვედრაზე არანაირი მუქარა და დაპირისპირება არ ყოფილა.

თუმცა პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასარიცხთა სიაში 17 დეპუტატი კვლავ რჩება – ისინი, ვინც უკვე პარტიიდან წასულ ბესელიასთან და გოგიჩაიშვილთან ერთად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ – გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი,ალექსანდრე ერქვანია და ლევან კობერიძე. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ის დეპუტატებიც, რომლებმაც ბესელიას პროექტს კენჭისყრისას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: რევაზ არველაძე; ბიძინა გეგიძე; გიორგი მოსიძე; ბექა ნაცვლიშვილი; ზაზა პაპუაშვილი; რუსლან პოღოსიანი; გია ჟორჟოლიანი; ალექსანდრე ქანთარია; ოთარ ჩრდილელი და მირიან წიკლაური.