ვენესუელას ახალი ხელისუფლება მზად არის, გაუქმოს მისი წინამორბედი მთავრობის ბრძანება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს განცხადება „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელას ახალმა წარმომადგენელმა გააკეთა.
გუსტავო ტარეს „კურიერის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, მოხდება თუ არა აღიარების უკან წაღება და რას ფიქრობს კარაკასი ამ ნაბიჯის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე.
„რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია,“- განაცხადა ვენესუელის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გუსტავო ტარემ.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ვენესუელას მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში, უილიამ ბრაუნფილდმა ისაუბრა:
“საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება არა მხოლოდ ურჩიოს, არამედ დაჟინებით მოითხოვოს ვენესუელას ხელისუფლებისგან იმ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, რომლებიც ისტორიულად და ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე საქართველოს ნაწილი იყო. “
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ვენესუელამ 2009 წელს, პრეზიდენტ უგო ჩავესის დროს აღიარა, რომელიც რუსეთის ერთგული მოკავშირე იყო. რუსეთის ახლო პარტნიორია ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც, რომელიც პარლამენტმა უზურპატორად ცნო, არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.
ვენესუელას პარლამენტის ლიდერმა, ხუან გუაიდომ 23 იანვარს საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ახალი არჩევნების ჩატარებამდე. მას იმავე დღეს მხარი დაუჭირა აშშ–მ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.
ნიკოლას მადურო თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ორი დღის წინ ულტიმატუმი ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც წაუყენეს, გუშინ კი ამერიკამ ვენესუელას უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
როგორ დასრულდება ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი და მოვა თუ არა ქვეყნის სათავეში დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც არა რუსეთის და ჩინეთის, არამედ აშშ–ს და დასავლური ქვეყნების მოკავშირე იქნება, ამაზეა დამოკიდებული წაიღებს თუ არა ვენესუელა უკან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.














