რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურს აფასებს და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა არჩევნების მოსაგებად:
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რა საზიზღრობებსაც ამ შუალედურ არჩევნებზე ვუყურებ, ადრეც ყველაფერი ნანახი მაქვს, თან არაერთხელ და არაერთი ხელისუფლების დროს, ოღონდ ეს ამ ხელისუფლებისთვის შეღავათი კი არაა, არამედ ბრალის დამამძიმებელი გარემოება.
ერთადერთი რაც ამათ გამოარჩევთ წინამორბედებისგან, არის ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი უნიჭობა და არაკვალიფიციურობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ისე ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლის შენიღბვას, გინდა არ გინდა, ყველა ამჩნევს.
და ეს ხდება ერთ მაჟორიტარულ ოლქში შუალედურ არჩევნებზე, რომლის შედეგად არც ხელისუფლება იცვლება და არც ძალთა ბალანსი პარლამენტში. .
სამარცხვინო ამბავია რაც გვჭირს. იმის წარმოდგენაც კი გულს მირევს, რეებს დაატრიალებენ 2020-ში, მაგრამ რაცაა ესაა. ამ მოცემულობაში მოგვიწევს ბრძოლა, ამ მოცემულობაში უნდა დავამარცხოთ ესენი და ისე წავიყვანოთ საქმე ყველამ ერთად, რომ მსგავსი არჩევნები აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში.“–ამბობს დავით ზურაბიშვილი.