“წასვლა უნდოდათ და საბაბს ეძებდნენ“– ივანიშვილი ოცნებიდან წასულებზე

ტელეკომპანია იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა წასულ თანაგუნდელებზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ გუნდში იყო დაბნეულობა და ემოციურობა, რომლის მართვასაც ბოლო თვეებია ცდილობს და რისთვისაც მრავალჯერადი და ხანგრძლივი შეხვედრები დასჭირდა, თუმცა შედეგი მიიღო.
ივანიშვილი ამბობს, რომ ვინც გუნდიდან წავიდა, ისინი ცდილობდნენ მთელი გუნდი რაღაც ფასეულობებში დაერწმუნებინათ. ივანიშვილი ამბობს, რომ ასეთი სამი ადამიანი იყო და მეოთხე, ანუ ზვიად კვაჭანტირაძე  მათ მოგვიანებით დაემატა. ის არც პოლემიკებში მონაწილეობდა და ივანიშვილისთვის გაუგებარია რატომ შეუერთდა ამ გუნდს.
“როცა ადამიანს არ აქვს კარგი საფუძველი და გამოკვეთილი მიზეზი, რომ გუნდი დატოვოს მას გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. მე გზას დავულოცავ, თუმცა ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ვერ დაასაბუთეს წასვლის მიზეზი.
დაასახელეს მოსამართლეების არჩევის წესი
მე მახსოვს რომ პარლამენტში ერთ დღეს მომიწია ორ ჯგუფთან შეხვედრა. ემოციურობა ძალიან დიდი იყო. მოგვიწია პოლემიკა.
სამეული ძალიან დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ორი თუ სამი დღის პოლემიკის შემდგომ მთელი გუნდი დარწმუნდა რომ ეს სია საჩქაროდ არ უნდა განხილულიყო. პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა და თქვა. მერე მოსამართლეებმა გაიწვიეს უკან თავისი სია. ეს სამეული დაჟინებით აცხადებდა ღია კარის მტვრევას. “– ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილი თვლის, რომ გუნდიდან წასულ ოთხეულს წასვლა უნდოდა და საბაბს ეძებდნენ. ივანიშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ მათი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის და “მათთან დაახლოებული“ არასამთავრობოების პოზიციებს ემთხვევა და მათთან “უნისონში მოქმედებენ“. ის თვლის, რომ გუნდიდან წასულები ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამენ წყალს და მათ თამაშს თამაშობენ. ივანიშვილი თვლის, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ და არასამთავრობოებმა ხმაური მას შემდეგ ატეხეს, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოზე გავლენა დაკარგა.