საქართველოში პირველად, ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მაშველი გოგონებიც დაიცავენ

წელს,პირველად საქართველოში  შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მაშველი გოგონებიც დაიცავენ. 

წლევანდელ საზღვაო სეზონზე მაშველად მუშაობის სურვილი 9 გოგონამ გამოთქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ გადამზადებას  გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

ისინი  პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსსაც გაივლიან. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საზღვაო აკადემიის 9 სტუდენტის გარდა, მაშველად დასაქმების სურვილი კიდევ არაერთმა ქალმა გამოთქვა. ამ ეტაპზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს.