“წინა ხელისუფლებამ სამეგრელო გაანაწყენა”-ირაკლი ღარიბაშვილი

ზუგდიდში “ქართულმა ოცნებამ” მერობის საარჩევნო კანდიდატი წარადგინა.საარჩევნო კამპანიის გახსნას მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.ღარიბაშვილს, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დესტრუქციული ოპოზიცია მიაჩნია, მისი თქმით, მთავარი საფრთხე სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლებამ  სამეგრელოს გაანაწყენა.

„შემდეგი პრობლემა, რაზეც მე მიმაჩნია, რომ უნდა გესაუბროთ, არის დესტრუქციული, არაკონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9- წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის ადამიანები, ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არათუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი. ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა. მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია. ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ.

ეს უნდა გვახსოვდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყუროთ წინ, მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით, მოწოდებულია, რომ მაქსიმალურად დააჩქაროთ ყველა ის პროექტი, რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალური, სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი  შენგელიას წარდგენისას.