წინასწარი ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე მუშის გარდაცვალება, ხარაჩოს ჩამონგრევამ გამოიწვია

თბილისში, კოსტავას 75 ნომერში მუშის  გარდაცვალება, სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. მშენებლობაზე დასაქმებული  მამაკაცი  მე-15 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ექიმებს ის ადგილზე  გარდაცვლილი დახვდათ.

შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნით, უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება იკვეთება, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია განმარტავს, რომ სამშენებლო ობიექტზე ხარაჩოს დემონტაჟი მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები დარღვეულია. პირველადი ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ხარაჩოს ჩამონგრევა გახდა.

„სამშენებლო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობდა ხარაჩოს დემონტაჟი. რაც ერთი შეხედვით ჩანს და დავათვალიერეთ, არის, რომ ხარაჩოს ექსპლუატაციის წესები არის დარღვეული. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, დასაქმებულთა აღჭურვასთან დაკავშირებით, შესაბამის სწავლებასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც უნდა მოგვაწოდოს კომპანიამ და ამ ინფორმაციის შესაბამისი დოკუმენტების შესწავლის, სხვა დასაქმებულების გამოკითხვის შემდგომ იქნება შესაძლებელი, რომ დავდოთ ერთიანი დასკვნა, თუ რა კონკრეტულმა შემთხვევამ გამოიწვია,“ – განაცხადა მიქაიამ.