„წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური“ – ოქრუაშვილის 1 დღე ციხეში

ერთი დღე ციხის ცხოვრებიდან – პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ციხეში გატარებულ დროზე წერს.

„13:30 საათზე ციხეში სადილის დროა.
თუ მარხვას ინახავ, ცალკე სამარხვო საჭმელს გიმზადებენ. შობის მარხვაში, როგორც იცით, 25 დეკემბრამდე თევზის ჭამა შეიძლება ოთხშაბათის და პარასკევის გარდა.
ციხეში თევზი მაინცადამაინც ოთხშაბათს არის.
როდესაც ვუთხარი, თევზი ერთი დღით გადაწიეთ, სამშაბათს ან ხუთშაბათს- მეთქი, მიპასუხეს:- მაგას დეპარტამენტის უფროსი არეგულირებს ბრძანებით-ო და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანას იდიოტები მართავენ.

საერთოდ, ციხეში კვებას რაც შეეხება, არ დაუჯეროთ არც ერთ დიეტოლოგს, წულუკიანის დიეტა ყოფილა ყველაზე ეფექტური. 2 კვირაში ამ დიეტით 15კგ-ს დაკლება გარანტირებული გაქვთ, ოღონდ ბოლოს წიწიბურას, ლობიოს, ან კარტოფილის ფორმას მიიღებთ. დიეტას შედეგი აქვს ერთი პირობით-დანიშნულება ივანიშვილმა უნდა გამოგიწეროთ, ანუ, გლდანში ან მატროსოვზე უნდა მოხვდეთ, სხვაგან ასეთი შედეგი არ ექნება.

ახლა, ცოტა სერიოზულად.
საკჯარისკაცისთვის აუცილებელი დღიური კალორია 5 ათასი-6 ათასია. პატიმრის კალორია საფრანგეთის და გერმანიის ციხეებში, საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, 3500-ზე ნაკლები არაა. მატროსოვზე კვების კალორია დღეში 1800-ზე მეტი არ იქნება.
ცნობისათვის, ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში ტუსაღებს 800 კალორიაზე მეტს არ აძლევდნენ.
კვირაში 150 გრ, ხორცი, 50 გრ, თევზი და დანარჩენი ბურღულეული- ეს არის მატროსოვზე პატიმრის რაციონი. დასკვნები თქვენ გააკეთეთ.

14: 30 საათი გახდა.
გარეთ გასეირნების დრო მაქვს.
სიცივის გამო გარეთ გასვლა მეზარება, მაგრამ იქნებ გუშაგს გამოველაპარაკო ( ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან).
აქაც ჩანს, რომ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ. ან, ქართველს ჯარში წასვლა არ სურს, ან გამწვევი კომისიები ისევ ფულს აკეთებენ და გეგმას ეთნიკური უმცირესობით ასრულებენ.

15: 30 საათზე საკანში შემოვბრუნდი და კითხვა გავაგრძელე.
ციხის ბიბლიოთეკაში უცხო ენაზეც აქვთ წიგნები, მაგრამ ერთი წიგნი დიდი თავსამტვრევი გახდა ჩემთვის.
ვინ შეიძინა, ვისთვის შეიძინა, ანუ ვინ უნდა მოხვდეს ამ ციხეში ისეთი პატიმარი, რომელიც ფრანგულ ენაზე წაიკითხავს ცნობილი ფრანგი მწერლის წიგნს „ლა შარიტე“-ს
პრინციპში კი გვყავს ერთი ასეთი მატროსოვზე მოხვედრის კანდიდატი, თან საფრანგეთის მოქალაქეცაა, მაგრამ არაა. მაგას მარტო თავისი ეკა უკითხავს და ცოლთან ერთად ხომ არ ჩავსვამთ.

5 საათზე ბონდო ვათიაშვილმა შემომიარა და ერთი-ორი პოსტის ტექსტი ჩავაწერინე.
მალევე საკანში დავბრუნდი.უაზრო ფიქრებმა წამიღო.

ამას წინათ ტვ პირველზე სიუჟეტს ვუყურე.
ახალგაზრდებს მოძრაობა 20-30 შეუქმნიათ და ფეისბუქის მიერ ივანიშვილის ტროლების გაუქმების შემდეგ , ბიძინას სოცქსელებში მხარდაწერას სთავაზობენ, თუ ფონდი ქართუ დააფინანსებს. ისიც დააყოლეს, რომ 100 წლის შემდეგ ბიძინა მთაწმინდაზე უნდა დაიკრძალოსო. ვფიქრობ, როგორ გავწევრიანდე ამ ორგანიზაციაში და დაფინანსების გარეშე ჩემი წვლილი შევიტანო.
მთაწმინდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლიახვის ან დურუჯის რიყეზე მარტომ ნიჩბის გარეშე მისი საფლავი გავთხარო. მე მეტი არ შემიძლია.
ცოტა ხანს ტელევიზორს ვუყურე.
წინასაახალწლოდ ბიძინამ და წულუკიანმა უძვირფასესი საჩუქარი გაგვიკეთეს- სატელევიზიო პაკეტში 2 ახალი რუსული არხი ჩაგვირთეს: TV 3 და TV RUS.
პირველი მკითხავების არხია და დამწყები მკითხავებისათვის ჯადოს მოხსნის კურსი ისწავლება, ხოლო მეორე არხზე ექსტრასენსები სულის გასუფთავების კურსს ატარებენ დღისით, საღამოობით კი რუსული ინტერნეტ მაღაზიაა და ,, ტუშონკებს’’ და ვიბრატორებს ყიდიან.

ასე უაზროდ ჩიარა კიდევ ერთმა დაკარგულმა დღემ.

ციხეში გატარებული ყოველი დღე დაკარგულია ცხოვრებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,, არ იცი’’ რატომ ზიხარ. არ იცი -პირობითად, თორემ რეალურად რა თქმა უნდა ვიცი. თუ ქვეყანაში ხელისუფალი რაიმე ცუდს ჩაიდენს, ხოლო შენ პირში წყალს არ ჩაიგუბებ და მხოლოდ სამზარეულოში მოთქმით არ შემოიფარგლები, როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, აუცილებლად მოგიწევს ჩაჯდომა, რადგან, მიუხედავად 21-ე საუკუნისა, ჩვენთან ასეთი საქციელი დასჯადია.

ჩვენი საზოგადოება 5 ნაწილად იყოფა. ( 2008 წლის ომის მაგალითზე) .
1. იმათ, ვინც წინა ხაზზე იბრძვის
2. იმათ, ვინც ქვეყნის დასაცავად რუსთაველზე მაშინ გამოდის, როცა ომი დამთავრებულია
3. იმათ, ვინც წითელი ხიდისკენ გარბის
4. იმათ, ვისაც უხარია რუსები, რომ შემოდიან
5. იმათ, ვისაც ყველაფერი და დანარჩენი 4 კატეგორია ფეხენზე ჰკიდია.
პირველ კატეგორიაში ყოფნა ყოველთვის დასჯადია, ამიტომ არც მიკვირს და არც ვნანობ ციხეში, რომ ვარ.
მირჩევნია ყოველთვის წინა ხაზზე ვიყო, ვიდრე სხვა გაუგებარ კატეგორიებში.
საქართველოში, იმ ადამიანების ათეულში ნამდვილად შევალ, ვისი ცხოვრებაც საინტერესოდ წარიმართა, მითუმეტეს , ყველაფერი წინ არის.

ციხეს და არა მარტო ციხეს ერთი ცუდი კანონი აქვს _ მომავლის გამო აწმყო არ უნდა დააჩქარო“, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. მას პროკურატურა ადანაშაულებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.