წყალმომარაგების პრობლემის გამო ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს

ბულგარეთის ქალაქ პერნიკში შექმნილი წყალმომარაგების კრიზისის გამო სამართალდამცვლებმა გარემოს დაცვის მინისტრი დააკავეს. ნენო დიმოვისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

საქმე ეხება ქალაქ პერნიკში წყალმომარაგების 2-თვიან პრობლემას. ქალაქის 75 ათას მცხოვრებს 18 ნოემბრიდან წყალი შეზღუდულად მიეწოდება. თავიდან მათ წყალი დღეში 10 საათით ჰქონდათ, შემდეგ კი 7 საათით, რამაც მათი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. საზოგადოება მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

პროკურორის განცხადებით, მინისტრმა სათანადოდ არ იზრუნა ქონების მართვაზე, რაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
“მტკიცებულებები გროვდება თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რამაც გამოიწვია წყალმომარაგების პრობლემები პერნიკში,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობილია, რომ დიმოვი 9 იანვარს უწყებაში დაკითხვაზე იყო გამოძახებული. საგამოძიებო ორგანოში მისვლის დროს მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის ჩვენების მისაცემად.