წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატობის ოპოზიციის კანდიდატის, ზაურ ქაშიბაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. „ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, სევერიან გორდულაძე ქურდობაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბანერი ქუჩაში 10 მეტრის სიმაღლეზე იყო დამაგრებული და სპეცტექნიკის გარეშე ვერ ჩამოხსნიდნენ.
გორდულაძის ამბობს, რომ საარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს. მისი განცხადებით, ოპოზიციის მომხრეებს აშინებენ და არჩევნებზე მისვლას უკრძალავენ.
პარტია “ევროპული საქართველოს” საარჩევნო ბანერი ხელისუფლებამ მოიპარა.
ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სევერიან გორდულაძემ პრესკლუბ “მედიარუმში” განაცხადა. მისივე თქმით, მათ პოლიციას წუხელვე მიმართეს. დღეს დილით კი პოლიციიდან აცნობეს, რომ ბანერი ქარს ჰქონდა წაღებული. სევერიან გორდულაძეს ამ ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ქარის მიერ ბანერის წაღება ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
“საღამოს 9 საათისთვის აღარ იყო უკვე ბანერი. პოლიცია გვეუბნეა თითქოს ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა ის და კეთილსინდისიერად დააბრუნა. ახლა ვაპირებ პოლიციაში მისვლას, რომ მოგვცენ ბანერი”, – ამბობს სევერიან გორდულაძე.
წყალტუბოში შუალედური არჩევნები გუმბრის თემში ტარდება. ამომრჩეველმა საკრებულოს წევრი უნდა აირჩიოს. სულ 12 კანდიდატია დარეგისტრირებული. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიცია.