“წყაროს იდენტიფიცირებას არ ვაპირებ”-ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

“წყაროს იდენტიფიცირებას არ ვაპირებ”-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

“ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეგვატყობინა, როგორ ერევა ბატონი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, მათი მხრიდან იყო სურვილი ჩემი გამოკითხვის. რაც შეეხება იდენტიფიცირებას ჩემი წყაროსი, მე შევეცდები, რომ არ მივაწოდო ასეთი ინფორმაცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასეთი წყარო გახდეს თვითონ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც არნახული შეწყალებები განახორციელეს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თაროებზე იდება საქმეები წლობით და გვეუბნებიან, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ. თუ არ მივიღებთ, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ჩემი წყაროს მხრიდან, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აი ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს. ეს არის მისი ბიზნესი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენს წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ, რომ ველოდები ზურაბიშვილი აქ მოვა, არ ველოდები ნამდვილად. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მარტო ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, იგივე სახალხო დამცველი, პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული”,- განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულებისირ შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.