ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International სპეცრაზმის მიერ 18 და 26 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების დაშლას ეხმაურება და წერს, რომ ორივე შემთხვევაში წყლის ჭავლის გამოყენება არასაჭირო და არაპროპორციული ძალა იყო.
ორგანიზაციის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არათანაზომიერი ძალის გამოყენებისგან. Amnesty-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ძალა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, როდესაც არაძალადობრივი საშუალებები ეფექტიანი არ არის და ამ შემთხვევაშიც კი, ისინი ზიანისა და ტრავმის შემცირებას უნდა ცდილობდნენ.
“ძალა, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ზიანი, მხოლოდ იმ პირების მიმართ უნდა იყოს მიმართული, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები,”- წერს საერთაშორისო ორგანიზაცია.
Amnesty International ასევე 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლის დროს დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებზე საუბრობს და თავის განცხადებაში სახალხო დამცველის განცხადებას ციტირებს, რომელიც ამბობდა, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა.
ორგანიზაცია ასევე წერს, რომ სახალხო დამცველის ამ განცხადებას არაერთი ადგილობრივი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია იზიარებს.
Amnesty International წყლის ჭავლებთან მიმართებით ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ციტირებს და ამბობს, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტითა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციითაა გარანტირებული, რომლის ხელმომწერი საქართველოცაა.
“არსებულ კონტექსში, დემონსტრაციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს, თუკი ხელისუფლება შეძლებს წარმოადგინოს ამ დაშლის ცხადი საზოგადოებრივი საჭიროება და მხოლოდ მაშინ, როდესაც დემონსტრაციამ მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში არსებითი შეფერხება გამოიწვია.
18 და 26 ნოემბერს ამის საჭიროება არ არსებობდა, რადგან პარლამენტის შენობის შესასვლელები დემონსტრანტების მიერ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო პიკეტირებული.
წყლის ჭავლების გამოყენება არც პროპორციული იყო და არც – აუცილებელი. წყლის ჭავლი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული, როდესაც ის აბსოლუტურად აუცილებელია მაშინ, როდესაც მანიფესტანტების მხრიდან ძალადობა იმ მაჩვენებელს აღწევს, რომ სამართალდამცველებს არ შეუძლიათ, რომ ძალა მხოლოდ მათზე მიმართონ, ვინც უშუალონდ ჩართულია ძალადობრივ ქმედებაში.
წყლის ჭავლის გამოყენებაზე ყოველი გადაწყვეტილების მიღების დროს სამართალდამცველებმა უნდა გაითვალისწინონ კონტექსტი, როგორიცაა მაგალითად, ძალიან ცივი ამინდი, რომელმაც შეიძლება, გაამძაფროს ის ზიანი, რასაც ჭავლი დემონსტრანტებს აყენებს,”- წერია Amnesty International-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.