„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებები იყო, წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა,“ – ეს განცხადება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.
მაია ცქიტიშვილი 20-21 ივნისის სისხლიან ღამეს ეხმაურება და აცხადებს, რომ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გადაიზარდა, რასაც მოჰყვა აქციის დაშლა.
„ვაკვირდებოდით იმას, როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ აქციაში. ვაკვირდებოდით იმას, თუ რა მოწოდებები, რა ოფიციალური განცხადებები, კომენტარები, ყველა სახით ვრცელდებოდა და მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ. გარდა ამისა, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როდესაც იქ შეკრებილი ადამიანების ნაწილი, რომელიც დარჩა ღამე, თუ მონაწილეობას არ იღებდნენ პოლიციაზე ძალადობრივ ქმედებებში, ისინი უშუალოდ ხედავდნენ თუ რა პროცესი ვითარდებოდა იქ. როდესაც შტურმის მოგერიება ხდებოდა პოლიციის მხრიდან, ასეთი სახით გაფრთხილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში არ იყოს საჭირო და ეს აუცილებლობით გამოწვეული მოქმედებაა, თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაფრთხილებები იყო, წყლის ჭურვის გამოყენების პროცესში, ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა და არაერთი მოწოდება მთელი დღის განმავლობაში ჟღერდებოდა სახელისუფლებო ორგანოების, შსს-ს მხრიდან,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.