წყნეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

{{ARTICLEIMAGE}}
წყნეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი და წულუკიანის უწყების თანამშრომლები ფიგურირებენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, ღამით, წყნეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავის არეში საგნის ჩარტყმით დაზიანება მიაყენა 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.ზ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საგნის იარაღად გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირების დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა სამ პირს. მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს”,წერია შსს-ს ინფორმაციაში. 


10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზვიად მიხანაშვილი 9 დეკემბერს წყნეთში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ მიხანაშვილთან ერთად კიდევ ორი პირია დაჭრილი. როგორც ირკვევა, ორივე დაჭრილი იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია.