ინფორმაცია, რომ შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის ტურისტები აღარ ჩამოვიდნენ ქვეყანაში, აისახა მოლოდინებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
„გაჩნდა მოლოდინი, რომ ის საექსპორტო სერვისების შემოსავლები, რომლებიც უნდა ყოფილიყო, იქნება ნაკლები. სწორედ ამ დროს ასრულებს მცურავი გაცვლითი კურსი ავტომატური სტაბილიზატორის ფუნქციას. ის კორექტირება, რომელიც ეკონომიკაში ხორციელდება, აუცილებლად არის ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლები დანახარჯებით გამოიყვანს ასეთი სიტუაციებიდან ქვეყანას.
დღესდღეობით რთულია იმის შეფასება, რა რაოდენობის და რა გავლენა ექნება ამას, რადგანაც ჯერ კიდევ მიმდინარე პროცესია. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგების მიხედვით, რომელიც იყო მიმდინარე ანგარიშების კუთხით პირველ კვარტალში, ვფიქრობ, წნეხი დიდი არ უნდა იყოს“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.