წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ “მკ დეველოპმენტი“ კორპუსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის დაწყებამდე დეველოპერმა ტვერელის ეკლესიის ქვეშ კლდის ნგრევა დაიწყო და ეკლესიის ქვედა მხარეს ჯებირიც მოანგრია. მშენებლობას აპროტესტებს ზალდასტანიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლებს საფრთხე ემუქრება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად პროექტი ნიადაგის 15 მეტრის სიღრმეზე გათხრას ითვალისწინებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამით მთაწმინდის მთის რელიეფი სრულად იცვლება და ამ ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია, რადგან რელიეფი მოძრავი ქანებისგან შედგება.
მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნიათ ხელოვნებათმცოდნეებსა და ურბანისტებს, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ასეთ ახლო მანძილზე , ტურისტულ ზონაში ამ ტიპის მშენებლობა კანონით აკრძალულია, თუმცა მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს არის გაცემული.
ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას და მშენებლობის სასამართლოს გზით გაჩერებას გეგმავს.
მშენებლობის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც ამ პროცესს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:
“ვფიქრობ, აქციები უნდა დავიწყოთ ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, თორემ მთაწმინდა კლდიან-ტვერელიანად ჩამოგვემხობა თავზე! სად არიან მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატები? მხოლოდ “წესიერებისა და პატიოსნების” გამო არჩევა უკვე წლებით გამოცდილი აბსტრაქციაა და პირადად ჩემთვის სულაც არ არის საკმარისი: კონკრეტულად როგორ და როდის დაიცავთ მთაწმინდას? სად ხართ? აი, ესაა თქვენი მთაწმინდა, რომელიც აღარც არსებობს რეალურად! ან ტვერელის წინამძღვარს რატომ ჩაუგუბებია პირში წყალი? – თუ უკვე გაურიგდა “ინვესტორს” გაყუჩების სანაცვლოდ?!“ – წერს ლაშა ბუღაძე.