უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას– სააკაშვილის განცხადება მთავარი არხის ეთერში

მთავარი არხის ეთერში, ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძის გადაცემაში ჩართვისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მიხეილ სააკაშვილი არ აკონკრეტებს, როგორ აპირებს ჩამოსვლას, როცა ქვეყანაში ჩამოსვლის შემთხვევაში შესაძლოა ციხეში მოხვდეს. წამყვანების არაერთ შეკითხვას მან კონკრეტულად არ უპასუხა. 

ციხეში აპირებთ წასვლას? ამ კითხვაზე სააკავშილი პასუხობს.

“ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას საქართველოში. მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე ვარ თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი, ვარ ერთერთი თქვენგანი. რომელსაც გული შეტკივა, რომ ყველაფერი განადგურდა. მილიონ ნახევარი ადამიანი გასული იქნება წლის ბოლომდე საქართველოდან. 

უახლოეს თვეებში მე ჩამოვალ. ვადასტურებ, რომ ჩამოვალ. ერთხელ მე გადავკვეთე უკრაინის საზღვარი იმ პირობებში, როცა უკრაინის ხელისუფლება მემუქრებოდა, რომ დამაპატიმრებდა და დამაპატიმრა კიდევაც რამდენიმე დღით.

არ შემშინებია პატიმრბის უკრაინაში და რა თქმა უნდა არ შემეშინდება ჩემს ქვეყანაში. ისინი ძალიან სუსტები არიან. ისინი არიან იმდენად სუსტები, რომ ვეღარ გაუწევენ წინააღმდეგობას ქართველ ხალხს. “ – ამბობს სააკაშვილი და წამყვანების არაერთ მცდელობას უფრო კონკრეტული პასუხი გაეცა კითხვებზე, კონკრეტულად, იქნება თუ არა ეს რევოლუციური სცენარი, რას ფიქრობს ოპოზიციასთან ურთიერთობაზე, კოალიციაზე, არჩევნებზე და როგორ აპირებს ივანიშვილის მმართველობის დასრულებას, სააკაშვილმა კონკრეტული პასუხები არ გასცა.

სააკაშვილი არ აკონკრეტებს დროს და გეგმებს, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ბევრ ადამიანთან ლაპარაკობს.

“ამაზე ვლაპარაკობ ძალიან ბევრ ადამიანთან, ბევრ ჩვენს მოქალაქესთან, ბევრს ვმუშაობ. არ ვზივარ აქ და ლაზღანდარობით არ ვარ დაკავებული. ბევრს ვფიქრობ, ვდარდობ.მე არ ვაპირებ აქ ჯდომას და ყურებას როგორ ნადგურდება საქართველო. არ ვაპირებ ოდესის და კიევის კომფორტიდან ამის ყურებას.ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის ყველა ჩვენგანის ვალი. “–აცხადებს სააკაშვილი.