უამინდობა საქართველოში

საქართველოში ნალექმა პრობლემები გამოიწვია, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება გახდა საჭირო.ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გაწმენდით სამუშაოებს ”თბილსერვის ჯგუფი” დილიდან ახორციელებს.

“თბილსერვისის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ამ ეტაპისთვის კოჯორში, წყნეთში, ბეთანიასა და კიკეთში ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე გაგრძელდება. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, პირველ აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება, დღის ბოლოს კი ქარიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2 აპრილს ძლიერი ქარი იქროლებს. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.