“უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა“–ოქრუაშვილი უსუფაშვილზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი შენების მოძრაობის ლიდერს ღიად დაუპირისპირდა.

22 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლად შუამავლობა პარლამენტის  მაშინდელ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს თხოვა. ჩვენება კი, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსთავი 2 დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს 2014 წლის მოკლე ტექსტური შეტყობინება წაუკითხა, სადაც, მისი თქმით, დავით უსუფაშვილი გადასცემს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს, რომ ირაკლი შოთაძე დაუკავშირდებოდა, ისაუბრებდნენ და დანარჩენზე მერე ილაპარაკებდნენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქრუაშვილს 2014 წელს მართლაც შეხვდა და ხელისუფლებისთვის მისი გზავნილის გადაცემას დაპირდა, უსუფაშვილმა დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ  ოქრუაშვილის ცრუ ჩვენების შესახებ არაფერი იცის. “ მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რაც დაახლოებით ასეთი იყო: პროკურატურასთან თანამშრომლობისა და ჩვენებების ნაწილში ირაკლი შოთაძე დაუკავშირდებოდა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე მომავალში იფიქრებდნენ და იმსჯელებდნენ.

ამის შემდეგ მე არ მქონია არანაირი შეხება ამ თემასთან, მათ ურთიერთობასთან და ა.შ. ანუ, ყოველგვარი საუბარები იმის თაობაზე, რომ ის რაიმე ყალბი ჩვენების მიცემას აპირებდა, მზად იყო სიცრუისთვის და რაღაც ამ ტიპის ნონსენსები, ჩემთან ოქრუაშვილის საუბარში, ცხადია, არ ყოფილა ნახსენები და ვერც იქნებოდა. ესაა სიმართლე. დანარჩენი ახლა, ვის რა და როდის სჭირდება, ეს ცოტა რთული საქმეა”– თქვა უსუფაშვილმა. ამ განცხადებების შემდეგ ოქრუაშვილმა და უსუფაშვილმა რამდენიმე სატელევიზიო ეთერში მიიღეს მონაწილეობა, სადაც უსუფაშვილმა ოქრუაშვილის განცხადებებს მწვავე შეფასებები მისცა.

ამის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

“თუ გაკრეფაა ბარემ ბოლომდე გაიკრიფოს შუა. ღიად გამოჩნდეს ვინ ბიძინასთანაა და ვინ მის წინააღმდეგ.

ისე იყო უსუფა გუშინ ტრუსიკიდან ამომხტარი, რომ აშკარად აახია ბიძინამ ყურები – ეს რა ქენი, დანაშაულის თანამონაწილედ როგორ მაქციე, ჩემთან შუამავლობა რომ დაუდასტურეო.

გვიან მიხვდით შეცდომა რომ დაუშვით?

მთელი ცხოვრება უბიწოებას ქადაგებდე და 7 წელი ბიძინას ლოგინში იწვე, მაგას განსაკუთრებული ნიჭი უნდა.“