პრინცი ჰარი მას შემდეგ, რაც ცოლთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, პირველად დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში. პირველ საჯარო ღონისძიებაზე მან პუბლიკას სთხოვა სამეფო ტიტულის გარეშე მიმართონ, მიუხედავად იმისა, რომ პრინცს და მის მეუღლეს ოფიციალურად ამ ტიტულებს მხოლოდ აპრილში ჩამოართმევენ, როცა ფინანსური წელი ამოიწურება.
“მან ნათლად მიგვანიშნა ყველას, რომ ჯობს უბრალოდ ჰარი დაუძახონ“–გააფრთხილა პუბლიკა წამყვანმა აიკა აზარიკამ ღონისძიებაზე, რომელიც პირველი იყო დაგეგმილი შვიდი ღონისძიების სერიიდან, რომლებშიც პრინცი მიიღებს მონაწილეობას.
ოთხშაბათს ჰარი სიტყვით გამოვიდა ედინბურგში გამართულ ფორუმზე, რომელიც მის მიერ სექტემბერში გამოცხადებულ ინიციატივას, Travalyst.–ს ეძღვნებოდა.
ამ ინიციატივის შექმნაში რამდენიმე მსხვილი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის Booking.com, TripAdvisor и Visa, რომლებიც ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ტურიზმის განვითარებაზე მუშაობენ. ინიციატივის მიზანია გარემოს დაცვა და შენარჩუნება იმ ადგილებში, რომლებსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.
Travalyst–ის საიტზე პრინცი ჰარი მოხსენიებულია როგორც მისი სამეფო უდიდებულესობა, სასექსის ჰერცოგი. აპრილიდან კი პრინცს სამეფო ტიტულის გამოყენება აეკრძალება. თუმცა შეინარჩუნებს ჰერცოგის სტატუსს.
ამჯერად ჰარისთან ერთად ბრიტანეთში მეგანი არ ჩასულა. დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებშიც ჰარი მიიღებს მონაწილეობას ძირითადად საქველმოქმედოა.
სამეფო წყვილმა სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ იანვარში განაცხადა და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.