მსოფლიოს თეატრების ხელმძღვანელებს პაატა ბურჭულაძის დაპატიმრების შესახებ აფრთხილებენ.ბურჭულაძე ივანიშვილს ადანაშაულებს

პაატა ბურჭულაძე მის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის ახალ შეტევაზე საუბრობს. როგორც მსოფლიო ბანი ამბობს, გადაწყვეტილია მისი რეპუტაციის დაზიანება.

ბოლო პერიოდში მსოფლიოს წამყვან თეატრებში უცნობი პირი რეკავს და ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძესთან, რომელსაც პატიმრობა ემუქრება ინტერვიუს ჩაწერა სურს. „ვიღაცა რეკავს თეატრებში, ეკითხება, შეიძლება ბურჭულაძესთან ინტერვიუს გაკეთება? თეატრები ეკითხებიან, თქვენ რატომ რეკავთ? იმიტომ რომ ახლა აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე და შვიდიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება – ასეთი პასუხი არის აქედან.

რაც მთავარია, მე რომ მივხვდე, რომ მე მიკეთებენ ამას, ეს ადამიანი ამბობს, რომ – ჩემი გვარი არის სააკიან. რომ მივხვდე ვინ რეკავს და რატომ. ეს თუ ღირს ჩემთან ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი გაფუჭდეს. ჩემს მეგობრებს ვერ ვეუბნები,რომ ჩამოდით-მეთქი საქართველოში, იმიტომ რომ ვერავის დააჯერებ, რომ შეიძლება შეკერილი საქმე იყოს. ვერ დააჯერებ, რომ შეიძლება ერთ ადამიანს არ უნდოდეს და პროკურატურა წავიდეს ამაზე, აიღოს ისეთი ბინძური საქმე, რომ ადამიანზე აღძრას საქმე, რომელზეც პროკურორმაც იცის, მთავარმა პროკურორმაც და ყველამ რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყნარად დაიძინოს ყველაფერზე ხელს აწერს,“-ამბობს პაატა ბურჭულაძე.

ადვოკატი კი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მორალურ ტერორს აქვს ადგილი. თეონა ჯორბენაძის თქმით, ბურჭულაძის წინააღმდეგ საქმე ორი წელია აღძრულია, თუმცა ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა მსოფლიო ბანის წინააღმდეგ აღძრული საქმე.

„ძალიან ზუსტი შეფასება მოვისმინე, ამ ბოლო დროს, ის რაც მოუწყვეს ფონდ „იავნანას” და ორი საუკუნის ყველაზე ცნობილ ქართველ არტისტს, ნამდვილად იყო მორალური ტერაქტი, თავდასხმა და ამ სერიალების გადაღება, შემდეგ პროკურატურის ჩართვა,რომ როგორმე გაენადგურებინათ.

ეჭვი ორგანიზებული შეტევის და მიზანმიმართული შავი პიარის შესახებ, საერთაშორისო კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორს გაუჩნდა და საქართველოს მთავარ პროკურატურას წერილით მიმართა. კომპანია, რომელიც მსოფლიო არტისტებს აერთიანებს, განმარტებას თადუმაძის უწყებისგან ითხოვს. საქმე ეხება მსოფლიოს წამყვან თეატრებში ერთი და იგივე ტექსტით და ერთი და იგივე ავტორის მიერ განხორციელებულ ზარებს, რომელიც მიზნად ისახავს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციას. ზარის ავტორი საერთო სქემით მოქმედებს – თავდაპირველად ამბობს, რომ სურს ინტერვიუ მსოფლიო ბანთან, თემად კი მის მოსალოდნელ დაპატიმრებას ასახელებს. ზარის ავტორი ამ ფორმით წამყვან თეატრებში ტოვებს მთავარ გზავნილს, რომ პაატა ბურჭულაძეს საქართველოში 11 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

“2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ. რასაც საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი. გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს. გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა,”-ნათქვამია წერილში, რომელიც შალვა თადუმაძის სახელზე გაიგზავნა.