უეფამ რუს დეპუტატს ქართველი ფეხბურთელების დასჯაზე უარი უთხრა

“უეფამ” რუს დეპუტატს ქართველი ფეხბურთელების დასჯაზე უარი უთხრა. საქმე ეხება საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების მიერ ანტისაოკუპაციო მაისურებით გამოსვლას.

“უეფამ” აღნიშნა, რომ რადგან შემთხვევები ეროვნულ ჩემპიონატზე მოხდა, მის შესახებ გამოძიებას არ ჩაატარებს.

“დისციპლინარული სასჯელების დაწესებაზე მსჯელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოების იურისდიქცის ფარგლებში ხვდება”, – აღნიშნეს უეფაში.

შეგახსენებთ, რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს. ამის შესახებ ლებედევმა „ტვიტერში“ დაწერა.

ლებედევის ეს განცხადება იმან გამოიწვია, რომ ქართველი ფეხბურთელები მატჩებზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდნენ.

“ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს” – დაწერა ლებედევმა.

ამ ეტაპზე რუსი დეპუტატის მოთხოვნაზე რეაგირება ჯერჯერობით არც ფიფასგან მომხდარა.