უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე, მარგველაშვილმა სავარაუდოდ, უკანასკნელი გადაწყვეტილება მიიღო

{{ARTICLEIMAGE}}

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრძანებულებაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის წესს ადგენს, ცვლილება შეიტანა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილებები, რომელიც “თანამედროვე კონსტიტუციურ რეალობას ასახავს”, საკანონმდებლო მაცნეში დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა ჩაიწერა ბრძანებულებაში, თუმცა წინასწარ უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილმა მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიმავალი პრეზიდენტის როლი განსაზღვრა. გარდა ამისა, როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ცვლილება შევიდა დამსწრე პირთა სიაშიც.

“პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში შევიდა ცვლილება, რომელიც გაწერილი იყო 2001 წელს. ამის შემდეგ საქართველოს კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ეს წესი იყო ძალიან მოძველებული და ვერ ასახავდა კონსტიტუციურ რეალობას. ამიტომ ეს ცვლილება მოვიდა შესაბამისობაში დღევანდელ კონსტიტუციურ რეალობასთან და ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრეცედენტი, რომელიც შეიქმნა პრეზიდენტ მარგველაშვილის და ახალარჩეული პრეზიდენტის შეხვედრით, განმტკიცდა ამ წესში, სადაც გაიწერა უკვე მიმავალი პრეზიდენტის ფუნქცია და როლი ინაუგურაციის პროცესში, როდესაც ხდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება. ეს ცვლილებაც გაგრძელებაა იმ ნაბიჯისა, რომელმაც ამ ქვეყნის ისტორიაში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც მიმავალი პრეზიდენტი ცივილიზებულად გადააბარებს უფლებამოსილებას ახალარჩეულ პრეზიდენტს”,განაცხადა საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტის ინაუგურაციის წესში მიმავალი პრეზიდენტის როლი ამ დრომდე განსაზღვრული არ იყო.

16 დეკემბერს თელავში პრეზიდენტის ინაგურაცია გაიმართება. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ძალაში შევა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის გამოც სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები და მისი შედეგები წელს გამორჩეული იყო. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს – პირველი ის გახლავთ, რომ ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეებმა ბოლოჯერ აირჩიეს, მეორე – არჩევნებში გამარჯვებული თანამდებობას არა ხუთი წლით – როგორც აქამდე იყო, არამედ 6 წლით დაიკავებს. მესამე – ის ფიცის დადების დროს ბოლოჯერ წარმოთქვამს “საპროგრამო სიტყვას” – ამიერიდან საინაუგურაციო გამოსვლას “ხალხისადმი მიმართვა” ერქმევა. ახალ რეალობაში პრეზიდენტს აღარ ექნება პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება. მისი სტატუსი კონსტიტუციის მიხედვით, სამი ტიტულისგან შედგება: 1. სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელი – ეს ტრიადა კონკრეტული უფლებამოსილებების მეშვეობით მომდევნო დებულებებში ისხამს ხორცს  და საბოლოოდ გამოკვეთს ქვეყნის პირველი პირის ინსტიტუციურ როლს კონსტიტუციურ სისტემაში.