„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. შესვლამდე თბილისის ყოფილი მერი უგულავა თანაგუნდელებს და შვილს დაემშვიდობა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა კი ის შენობაში ტაშით შეაცილეს.
შსს–ში შესვლამდე უგულავამ კიდევ ერთხელ გააკეთა მედიისთვის კომენტარი და თქვა, რომ ბრძოლა გრძელდება:
„ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ ამ შავ ჭირს არ მოვიშორებთ. არც ამ შავი ჭირის მოშორება არ არის გამოსავალი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც მათ შორის, იმათ ჭამს, ვინც ამ სისტემის სათავეში იყო იმიტომ, რომ რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, მართლმსაჯულებასთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, რომელიც, უბრალოდ, ივანიშვილს არ ემორჩილება ანუ, ჩვენ გვაქვს არჩევანი, ან ვიყოთ მორჩილები რაც უყვარს, ადამიანები, რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს, ან ვიქნებით თავისუფლები და ვიბრძოლებთ. სისტემამ უნდა გამორიცხოს ასეთი შავი ჭირის მოსვლა და ასეთი ჟამიანობის დადგომა.“–თქვა უგულავამ.
უზენაესმა სასამართლომ დღეს გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.ამით უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვაში სდებდა ბრალს. განაჩენის გამოცხადებას უგულავა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად ლეიბორისტების ოფისში შეხვდა და თქვა, რომ თავად მივიდოდა ციხეში მას შემდეგ, რაც თანაპარტიელებს და ახლობლებს დაემშვიდობებოდა.