ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე დაცვის მხარე მოსამართელ შალვა თადუმაძის აცილებას ითხოვს. მათ შესაბამისი შუამდგომლობა უკვე დააყენეს.
ამის მიზეზად ადვოკატი ბექა ბასილაია იმას ასახელებს, რომ შალვა თადუმაძე გიგი უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
,,შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორობის დროს ,ფაქტობრივად, ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გიგი უგულავას წინააღმდეგ საქმის მიმდინარეობისას სააპელაციო სასამართლოში და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების პროცესში შალვა თადუმაძე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური ტესტით ის ვერ იქნება მიუკერძოებელი მსაჯული უგულავას საქმის განხილვისას”,- ამბობს ბექა ბასილაია.
ბასიალაია აღნიშნავს, რომ აცილების სრული სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას ამ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი უგულავას მოხდილად ჩაუთვალა.
ბექა ბასიალაიას განცხადებით, ეჭვი აქვთ, რომ თადუმაძემ უგულავას დაჭერის დავალება მიიღო. მოსამართლე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს.