,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გიგი უგულავას დევნა ივანიშვილის დაკვეთაა, რასაც ადასტურებს მის მიმართ ორკესტრირებული მოქმედებები.
,,ყველას გვესმის, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ დევნა არის ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის დღევანდელი ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლებისგან – ივანიშვილისგან და “ქართული ოცნებისგან“. ამას ადასტურებს ორკესტრირებული მოქმედებები პროკურატურის, სასამართლოს და პოლიციის მხრიდან ყველაფერში, რაც ეხება გიგი უგულავას. ამას ადასტურებს ის, რომ პირველივე საქმე, რომელსაც იღებს ახლად დანიშნული მოსამართლე შალვა თადუმაძე გახლავთ საქმე, რომელიც პროკურორმა თადუმაძემ გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში და ახლა პასუხისმგებელია განაჩენზე, რომელიც დადგება”, – აცხადებს ბაქრაძე.
მისივე თქმით, უგულავას დაპატიმრება ხელისუფლებისთვის იმ რუბიკონის გადალახვა იქნება, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდება. გარდა ამისა, ეს დააზიანებს პოლიტიკურ კლიმატს და მოლაპარაკებებს, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმართება.
,,მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არ არის განაჩენი დამდგარი, მინდა ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი.
ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. ან ეყოფათ საღი აზრი და ამ პროცესს არ მიიყვანენ იმ დასასრულამდე, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ ჩანს, ან შეუქცევადად დაზიანდება გარემო და მათ შორის დაზიანდება მათი მომავალი პერსპექტივა”,- ამბობს დავით ბაქრაძე.
პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. ოპოზიციასა და დაცვის მხარეს ეჭვი აქვთ, რომ თადუმაძემ უგულავას დაჭერის დავალება მიიღო.
მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.