უგულავას შეწყალება განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ,,ტვიტერზე” წერს, რომ გიგი უგულავას შეწყალება განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება.

,,გიგი უგულავას შეწყალება განზრახვების ლაკმუსის ტესტი იქნება. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პოლიტიზირებისგან თავისუფალი სასამართლო არის ის, რასაც ქართველი ხალხი პოლიტიკოსებისგან იმსახურებს”,- წერს გალერი.

მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმება პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგუმული ნაბიჯია.

,,საქართველოში მიღწეული შეთანხმება არის საკვანძო ნაბიჯი პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაცისა და ნორმალიზაციისკენ. ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სწრაფი მიღება პარლამენტის მიერ, მისი სულისკვეთების და პირობების სრული აღსრულება”,- აცხადებს ევროპის სახალხო პარტიის წევრი. 

გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. გაფორმებული მემორანდუმებით, ოპოზიციის განცხადებით, საპატიმროს დატოვებენ პოლიტპატიმრები და შეწყდება პოლიტიკური დევნა.

ოპოზიციას გიგი უგულავას გათავისუფლების გზად პრეზიდენტის მიერ შეწყალება მიაჩნია, რაც მემორანდუმშიც აღინიშნა. ,,ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”- წერია განცხადებაში.