მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს მთავრობის პოზიცია გააჟღერა.
მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ, სახელმწიფომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.
„გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის დაწყებისთანავე, სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან კოორდინაციის რეჟიმში, აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და გააკეთა ყველაფერი ადგილზე სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებიც მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი შეჩერებულია, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე ვითარების მიმდინარეობას. კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა. 7 აგვისტოსვე გაკეთდა პირველი ოფიციალური განცხადება. საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მათ დეტალურად ეცნობათ ინფორმაცია იქ მიმდინარე უკანონო პროცესთან დაკავშირებით. 8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში. სწორედ ეს გახლავთ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ჩვენს პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაეკეთებინათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში. იმავე დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა შესაბამისი განცხადებები უკანონო მოქმედებასთან დაკავშირებით. ასევე, 7,8 9 აგვისტოს ჩვენ გავააქტიურეთ ორმხრივი არხები იმისთვის, რომ ყველა დედაქალაქის მხრიდან მოგვესმინა აღნიშნულ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით შეფასებები. ცხადია, ეს ყველაფერი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად,“ – განაცხადა ზალკალიანმა.