მუქარის გზავნილები მოსამართლეებს- “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დღეს იურიდიულ კომიტეტში სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ის ფაქტი გაახმოვანა, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებს ეხება.
“ნუ გვესაუბრებით, რომ დღეს არის ეს კრიტიკული სიტუაცია შექმნილი, სასამართლო სისტემაში უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობა. კარგად მოიკითხეთ სასამართლო სისტემაში როგორ იღება დაკეტილი კაბინეტები მოსამართლეების და რა სურათებს ახვედრებენ მოსამართლეებს მათ სამუშაო ოთახებში.”-განაცხადა სალაძემ კომიტეტის სხდომაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ მოსამართლის მისამართით გამოიყენეს შანტაჟის ეს ფორმა.
“ჩაკეტილი ოთახი, მეორე დღეს მოსამართლეს დახვდა ღია და მაგიდაზე იდო ამობეჭდილი უცენზურო გამოსახულება,ეს იყო შეტყობინება მისი მისამართით რომ მას უნდა სცოდნოდა სად იყო მისი ადგილი,”-განაცხადა სალაძემ.
საიას თავმჯდომარე მეტი კონკრეტიკისგან თავს კონფიდენციალურობის მოტივით იკავებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მსგავსი ფაქტის შესახებ მან პირველად გაიგო.
“პირველად მესმის საერთოდ. რა გიპასუხოთ არ ვიცი. ცოტა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს ,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
სულხან სალაძემ განცხადება პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტის განხილვისას გააკეთა. განცხადების გაკეთების შემდეგ მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.