ვითარება პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ პანკისის ხეობაში დამატებითი დანაყოფები შეიყვანეს. სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს იყენებს. სამართალდამცავებს კი მოსახლეობა ქვებს ესვრის. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები ასევე საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“. დაშავებულია რამდენიმე სპეცრაზმელი და ასევე რამდენიმე ადგილობრივი.
პანკისის ხეობის უხუცესი ხაზო ხანგოშვილი აცხადებს რომ თუ ხეობაში მაინც აშენდება ჰესი მაშინ ეს ისე უნდა მოხდეს რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ამით სარგებელი მიიღოს. ხანგოშვილი არ იზიარებს იმ ძალადობრივ მეთოდებს რომელიც ამწუთებში პანკისის ხეობაში ხდება, და მიაჩნია რომ ასეთი საკითხების მოგვრება მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.
„ყოვლად მიუღებელია ასეთი ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედება და რამის მიღწევა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ აუცილებელია ახსნა-განმარტება და ამ კუთხით შეთანხმების მიღწევა. ყოველთვის მომხრე ვარ მოლაპარაკების.მე თვითონ ადგილზე არ ვიყავი და არ ვარ შესწრე დღეს განვითარებული მოვლენების,მაგრამ უნდა აიწონოს-დაიწონოს ყველაფერი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ აქ სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით“,-განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.