უკრაინაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტოს, როიტერსის ინფორმაციით უკრაინაში “ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის მებრძოლი, ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელსაც პენტაგონი “ომის მინისტრს“ უწოდებდა. 

ალ ბარა შიშანი საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით დაკავების ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აშშ–ს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსთან ერთად ჩატარდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტმა უკრაინის საზღვარი ყალბი პასპრტით შარშან გადაკვეთა, “პორტრეტულმა ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ დაკავებული უცხოელი მართლაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერია, რომელიც იძებნება“– ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული ისლამური სახელმწიფოს ერთ–ერთი ყველაზე საშიში ლიდერის, აბუ ომარ ალ შიშანის მოადგილე იყო, რომელიც 2016 წელს მოკლეს .

ალ შიშანის სიკვდილის შემდეგ ალ ბარა შიშანი თურქეთში გადავიდა, შემდეგ კი უკრაინაში, სადაც ისლამური სახელმწიფოს მოქმედებების კოორდინირებას განაგრძობდა.
ის კიევის ოლქში, მისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დააკავეს. თუმცა დაკავების თარიღი არ სახელდება.