უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გახდა. პირველი რეაქციები

არჩევნებში დამარცხებული მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ეგიტპოლების შედეგების გახმაურებისთანავე საკუთარ შტაბში სიტყვით გამოვიდა და ზელენსკის გამარჯვება აღიარა.
“მზად ვარ მხარი შევუდგა ზელენსკის, დრო დავხარჯო, რომ ის საქმის კურსში ჩავაყენო.“– განაცხადა მან. პოროშენკომ პირობა დადო, რომ ოპონენტს მალე დაურეკავ სდა გამარჯვებას მიულოცავს. პეტრე პოროშენკო პირობას დებს, რომ ახალ პრეზიდენტს ძალიან ძლიერი ოპოზიცია ეყოლება.
“ვიბრძოლებ უკრაინისთვის და მინდა განვმარტო რატომ: იმიტომ რომ ჩვენმა გუნდმა უნდა დაიცვას ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ბრძოლით მოვიპოვეთ უკიდურესად მძიმე პირობებში ამ ხუთი წლის განმავლობაში.“
თავისი გამოსვლა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დაასრულა სიტყებით: “ღმერთო, დაიფარე უკრაინა“.

გამარჯვებული ზელენსკი ეგზიტპოლების გამოცხადებას საკუთარ შტაბში ცოლთან ერთად შეხვდა. ის გამარჯვებას თვალცრემლიანი შეხვდა.

“ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. მადლობს ვუხდი ყველას. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მშობლებს მათი მხარდაჭერისა და იმისათვის, რაც გადაიტანეს. მადლობა ჩემს ცოლს ძალისა და გამძლეობისთვის. ის ყველაფერი რომ სცოდნოდა, რასაც ჩემზე ამ კამპანიის დროს ამბობდნენ, ცოლად არ გამომყვებოდა.“– განაცხადა ზელენსკიმ და ასევე მადლობა გადაუხადა მთელ შტაბს, მოხალისეებს, დამკვირვებლებს, უკრაინას, რომელმაც მას მხარი დაუჭირა და პირობა დადო, რომ მათ იმედს არასოდეს გაუცრუებს.

მან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებსაც მიმართა: “მე ჯერ ოფიციალურად არ ვარ პრეზიდენტი, თუმცა მინდა მივმართო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს: შემოგვხედეთ, ნახეთ – ყველაფერი შესაძლებელია.“

რუსეთის რეაქცია:

“ეგზითპოლები გვიჩვენებს, რომ უკრაინის მოქალაქეებმა ხმა მისცეს ცვლილებებს. ახლა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის ჯერია გაიგოს და რეალიზება გაუკეთოს ამომრჩეველთა იმედებს. ეს ეხბა რა თქმა უნდა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. უკრაინის ისტორიაში საპასუხისმგებლო ეტაპია“– განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.
“იმედი გვაქვს, რომ ზელენსკი ნაბიჯებს გადადგამს დონბასელი ხალხიის მიმართულებით, მინსკის შეთანხმების შესასრულებლად.“– განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმირ ჯაბაროვმა. ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური გამოცდილების არქონა ზელენსკის ხელს არ შეუშლის.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ–ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი კი ამბობს, რომ რუსეთის პარლამენტი განაგრძობს მუშაობას დადგენილებაზე უკრაინის არჩევნების არცნობის შესახებ. მისი განხილვა ჯერ დუმაში ჯერ კიდევ კენჭისრამდე დაიწყეს.

ეგზიტპოლების შედეგებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკიმ  73,7%, პეტრე პოროშენკომ კი ხმების  26,3% მიიღო.