ქართული მხარე სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის ბლოკპოსტის დემონტაჟს არ განიხილავს, – ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულიტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული.
„ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამდე და მის შემდგომაც იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აქ სისტემატიურად პატრულირებდნენ, როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ისე შსს-ს მობილური ჯგუფები. ადგილზე უშუალოდ საგუშაგო არ არსებობსა, მაგრამ ეს საგუშაგო განთავსდა უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული“, – აცხადებს ქემოკლიძე.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის საგუშაგოს დაშლას ითხოვს. მათ ულტიმატუმის ვადად დღეს 06:00 საათი დაასახელეს. ულტიმატუმის ვადა ამოწურულია. ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების, ევროკავშირის და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.