უმაღლესი სუფრა იქნება მთაწმინდაზე – გოცირიძე თადუმაძის ლექტორებს ეპატიჟება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე შალვა თადუმაძის ლექტორებს მთაწმინდაზე ეპატიჟება. ამის შესახებ  გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

„არც ერთი ადამიანი არ გამომეხმაურა სახინკლეში წასვლაზე. ახლა მეორე განცხადება მინდა გავაკეთო. ერთი ლექტორი მაინც თუ გამოჩნდება, რომელიც ასწავლიდა თადუმაძეს, ვეპატიჟები მთაწმინდაზე. კურსელები ვერ მოვძებნეთ, ახლა ლექტორები გამომეხმაურეთ. უმაღლესი სუფრა იქნება მთაწმინდაზე“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლეობის კანდიდატისა და მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის მოსმენის დროს რომან გოცირიძემ მისი კურსელები სახინკლეში დაპატიჟა.