“უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს”-თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ხალხი მოიწამლა, მათ შორის სოფო ტოროშელიძის მცირეწლოვანი შვილი

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ხალხი მოიწამლა. ამის შესახებ მომღერალი სოფო ტოროშელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ტოროშელიძე წერს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილი და რამდენიმე მეგობარი  რესტორან “ჩემო კარგოს ქარხანაში იმყოფებოდნენ”, რის შემდეგაც ძლიერი ინტოქსიკაციით ინფექციურ საავადმყოფოში მოხვდნენ.

„რამოდენიმე დღის წინ რესტორან „ჩემო კარგოს ქარხანა – Chemo Kargo’s Factory”-ში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი. მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს. კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!“, – წერს სოფო ტოროშელიძე.

ტოროშელიძის პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, აღმოჩნდა, რომ იმავე რესტორანში მყოფმა სხვა სტუმრებმაც ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღეს:

„19 ოქტომბერს 8 მეგობარი ვიმყოფებოდით „ჩემო კარგოს ქარხანაში“ (ბელიაშვილზე) მივირთვით ქათმის ე.წ დაფა, რამოდენიმე სალათი. რესტორანი დავტოვეთ 11 საათისთვის და მერე 20 ოქტომბერს მოხდა ინტოქსიკაცია. დიაგნოზი სალმონელა. 7 ადამიანი გავდივართ მკურნალობას ინფექციურ კლინიკაში, იყავით ფრთხილად“, – წერს ლალიკო მძევაშვილი.

newsreport.ge დაუკავშირდა  რესტორან „ჩემო კარგო ქარხანას“, თუმცა მათ განაცხადეს, რომ მოგვიანებით წერილობით გვიპასუხებდნენ.