საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობიდან მისი წამოსვლის მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებამ “ქვეყნის აღმშენებლობაში” ეკლესიის როლი ვერ გააცნობირა.
სამწუხაროდ, მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია. ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ერისა და ქვეყნის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის.
ქვეყნისთვის ყველაზე დამანგრეველი კი, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, რადგან ეს საყრდენს აცლის და ანადგურებს იმ საძირკველს, რაზედაც დგას ჩვენი ქვეყანა. ქრისტეს მოძულეები, ღირსებააყრილი და უზნეო ადამიანები ცდილობენ, ქართველი ხალხი მოწყვიტონ იმ ფესვებს, რომლითაც საზრდოობს და ცოცხლობს ჩვენი ერი.
სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს, წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ, დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა“, – განაცხადა ერქვანიამ.
ერქვანიას მსგავსად მანამდე უმრავლესობა 11-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ვიცე-სპირკრმა თამარ ჩუგოშვილმა.
დეპუტატებმა უმრავლესობა მას შემდეგ დატოვეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პარლამენტმა 2020 წლისათვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.