„თქვენც კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი,“ – ეს განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი ის არის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს. ოქრუაშვილის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშმა ხელი ბერლინში, 2010 წლის 4 თებერვალს მოაწერა.
ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშთან ამ ეტაპზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან დღეს მიმდინარე მოვლენების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
რაც შეეხება ივანიშვილთან მოლაპარაკებას, ოქრუაშვილი ამბობს, რომ არ აპირებს მასთან საუბარს.
„იყო ერთი შემთხვევა – მისი ბიზნესპარტნიორი და ჩემი ძველი ნაცნობი გამომიგზავნა, ძალიან ზედაპირული უაზრო საუბრით, ზოგადად, რომ მოვრიგდეთ, შევრიგდეთ. ხალვაში არ არის ხალვაში, ხალვაში არის ივანიშვილი, შესაბამისად, მასთან საუბარი, ამ შემთხვევაში, ხალვაშთან, აბსოლუტურად, არაფრისმომცემია. თქვენც კარგად უნდა აცნობიერებდეთ, რომ აქ, რომ მოდის ვინმე სალია ან თუნდაც ხალვაში, ეს არის ივანიშვილი და არა ის კონკრეტული სახელი და გვარი, ვინც შეიძლება მოდიოდეს. ივანიშვილთან საუბარს ვაპირებ თუ არა, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს – არა,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.