“უნდა დაიბლოკოს ზურაბიშვილის ანგარიშები ფეისბუქსა და ტვიტერში”- გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის მიერ „ტვიტერში“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტის გაზიარების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამოსავალი მარტივია. მისი განცხადებით, უნდა დაიბლოკოს პრეზიდენტის ანგარიშები „ფეისბუქსა“ და „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელებში დაშვებული შეცდომების გამო სკანდალში გაეხვა.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს. ამასთან დაკავშირებით მოკვლევა შსს-მ დაიწყო. შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდებზე დაშვებული შეცდომების გამო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კიბერდანაშაულის მიმართულებით დაიწყოს.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ წაიშალა.

ადმინისტრაციის განმარტების პარალელურად, ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე კიდევ ერთი უხერხული შეცდომა გამოჩნდა.ზურაბიშვილმა ერთ-ერთი ფეისბუქგვერდის – “​ხელოვნება და ისტორიკოსების” პოსტი გააზიარა, სადაც ქართველი მხატვრის ფელიქს ვარლამიშვილის ნამუშევრებია გამოქვეყნებული.

პრეზიდენტის გვერდზე ეწერა რომ “ვარლამიშვილს რუს ემიგრანტად ასაღებენ”. თუმცა პოსტში განმარტებული იყო, რომ ნამუშევრების ავტორი ქართველი მხატვარი იყო.