“უნდა ვაჩვენოთ ჩერნობილი მსოფლიოს”- ზელენსკი ჩერნობილში „მწვანე დერეფნის“ შექმნას გეგმავს

“უცილებელია ჩერნობილის მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, ეკოლოგებისთვის, ისტორიკოსებისთვის და ტურისტებისთვის ჩვენება”- წერს სოციალურ ქსელში ვლადიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ჩერნობილში ტურისტებისთვის და მეცნიერებისთვის „მწვანე დერეფნის“ მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ ვლადიმირ  ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, შეიქმნება „მწვანე დერეფანი“ ტურისტებისთვის და აღმოიფხვრება კორუფცია. მისივე თქმით, აღარ იქნება რიგები ჩერნობილის ზონაში მოსახვედრად საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, მოიხსნება ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები.

„უნდა ვაჩვენოთ ჩერნობილი მსოფლიოს: მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს. სამწუხაროდ, დახურული ზონა ამ დრომდე წარმოადგენს კორუფციის სიმბოლოს – ძალოვნები ტურისტებისგან ქრთამს იღებენ, ხდება ჯართის არალეგალურად გატანა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება. ამ ყველაფერს ჩვენ მალე დავასრულებთ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვლადიმირ ზელენსკის მიერ 10 ივლისს ხელმოწერილი განკარგულება ითვალისწინებს ჩერნობილის ზონის როგორც ტურისტული ობიექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და დამტკიცებას. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ჩერნობილის ზონაში ახალი ტურისტული მარშრუტების შედგენა.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.