ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია კომიტეტზე თეა წულუკიანის გამოსვლას სპეკტაკლს უწოდებს.
მისი თქმით, წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მსჯელობის ნაცვლად, საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა იცავდეს ომბუდსმენი ივანიშვილის რეპუტაციას.
,,ჩვენ ვიხილეთ სახალხო დამცველის მოსმენა კომიტეტში, უფრო სწორად ვიხილეთ წულუკიანის სპექტაკლი ამ კომიტეტზე. უწიგნური, უვიცი და ბნელი, სხვა ეპითეტი არ არსებობს იმის აღსაწერად, რაც დღეს ვნახეთ და რაც ადრე გვინახავს. ისიც კი არ იცის, არ გაუგია და არ დაინტერესებულა, რომ სახალხო დამცველის ფუნქცია არსად მსოფლიოში, ნორმალურ ქვეყნებში, არ არის ივანიშვილის, ზოგადად ხელისუფლების და უფრო ფართოდ, პოლიტიკოსების რეპუტაციის დაცვა. ეს საყვედურად წაუყენა, რატომ არ იცავთ ჩვენს რეპუტაციასო. ან ვინ უთხრა, რომ გარეგნობაზე და ჩაცმულობაზე უნდა ისაუბროს იუსტიციის მინისტრმა?”,- აცხადებს ბოკერია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თეა წულუკიანი არის მინისტრი, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა.
,,რაზე საუბრობს საერთოდ? ეს არის ფიგურა, რომელმაც იუსტიციის სახლში საბჭოთა ქაღალდები დააბრუნა. მაგრამ ამ ერთ ადამიანში არ არის პრობლემა, მთავარი პრობლემა არის ივანიშვილში, ამ სამარცხვინო ლიდერში, რომელმაც ასეთი „კლოუნები“ მოგვიყვანა და ამდენი წელია მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფუნქციებს თავზე დაასვა”,- ამბობს გიგა ბოკერია .
დღეს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც ის თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ომბუდსმენი არ იცავს ბიძინა ივანიშვილს და სხვა მინისტრებს.