შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა. მისი განცხადებით შეიქმნება ბაზები, რომელიც საშუალებითაც გაკონტროლდება ამ დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი ადამიანების ქცევა.
„არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ. ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ. იმიტომ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, მათი ოჯახის წევრი, პედაგოგი, მასწავლებელი, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი მოგვმართავს, რაც დადებითი ტენდენციაა. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა. ეს ბაზა შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სასჯელს მოიხდიან, უფრო აქტიურად გაკონტროლდეს. კონტროლის ფუნქცია ექნება არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.
მაგალითად, კანონი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლების შეზღუდვას. თუ სასამართლო ასეთ შეზღუდვას გამოიყენებს, ბუნებრივია ეს იქნება განათლების სამინისტროს მონიტორინგის სფერო. ე.წ. “პედოფილიაზე” კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ნაწილში გავამკაცრეთ სანქციები, მაგალითად არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში, უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული, რაც აქამდე ასე არ იყო“, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი