“უვიზო რეჟიმის შენარჩუნებას საფრთხე შეექმნა”-თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს სიმონ მორდუს შეხვდა. წულუკიანმა მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა. განხილვის ერთ-ერთი საკითხი   უკანონო მიგრაცია და მის  შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები იყო.

“დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისათვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები − ზოგიერთი მათგანი − ბოროტად იყენებენ უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება”, – განაცხადა წულუკიანმა

თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად,  უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი. საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით გამკაცრდა გვარისა და სახელის შეცვლის რეგულაციები ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როდესაც, მაგალითად, მოქალაქე, რომელმაც ერთი გვარით ჩაიდინა დანაშაული ევროკავშირის ტერიტორიაზე, იცვლის გვარს და მოკლე ვადაში ახალი ვინაობით მიემგზავრება კვლავ შენგენის ზონაში; საქართველოს პარლამენტი კი განიხილავს კანონს, რომელიც უკანონო მიგრაციაში ხელშეწყობის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ითვალისწინებს.

წულუკიანის  თქმით, 2020 წლიდან საქართველოს მოქალაქის პასპორტი უფრო მაღალტექნოლოგიური დოკუმენტი გახდება, რაც  მისი უსაფრთხოების დონეს მნიშვნელოვნად გაზრდის და დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული ღონისძიება შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის რისკებს.