დღეს გამოიკვეთა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ინდივიდუალურად განიხილეს ყველა მოსამართლე.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, ან უარვყოფთ მხარდაჭერას და ეს იქნება თითოეული პარლამენტარის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. დღეს გამოიკვეთა, რომ უკვე რამდენიმე კანდიდატი არსებობს, რომელიც მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, ამაზე დეპუტატების მსჯელობიდან წამოსული საერთო ანალიზი ნათლად მოწმობს, მაგრამ რა თქმა უნდა, სახელებს და გვარებს კენჭისყრის წინ არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. უნდა დაველოდოთ კენჭისყრას, სადაც ინდივიდუალურად მიიღებენ დეპუტატები გადაწყვეტილებს, სადაც, ჩემი აზრით, გათვალისწინებული იქნება ის მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის ფორმატში დღეს გაიმართა“, – განაცხადა მდინარაძემ.