გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პარლამენტარები დევიდ მაკალისტერი, მარინა კალურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, რომელიც საზოგადოების მხრიდან მაღალი დნობით სარგებლობს,ნებისმიერი დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ეს საქართველოს ვალდებულებების ნაწილია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ოპოზიციონერ გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რომელიც ეხება პროცედურებს, თარიღებს და გადაწყვეტილებების მოტივაციას. ეს კიდევ უფრო ართულებს საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ გარემოს. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმაზე ისეთი კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში დემოკრატიისთვის ამ მეტად კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში” – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.