თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონის ნაწილს ხვალ წყლის მიწოდება 24 საათით შეუწყდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისიდან პიქსელის შენობამდე, 2.3 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელები შეიცვალა.
პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ სისტემაზე საკვანძო ჭები, ჰიდრანტები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. აღნიშნულ ორ მონაკვეთზე წყალმომარაგების სიტემის განახლებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აგვისტოს პირველ კვირაში დაასრულებს.
ხვალ კი, კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე მეორე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განმარტავს, რომ სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 26 ივლისს 10:00 საათიდან 27 ივლისს 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, კეკელიძის, მცხეთის, ერისთავის, დოლიძის, ჩიქოვანის, ალექსიძის და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.