„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს დავავალე უსაფრთხოდ და მაქსიმალურად სიზუსტით, მსხვერპლის გარეშე ოპერაციის ჩატარება – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ამჟამად კი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ჩვენებაშია ნათქვამი. ჩვენებას „კურიერი“ ასაჯაროებს.
გამომძიებლის კითხვაზე, თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია გვიან ღამით, ვახტანგ გომელაური ასე პასუხობს.
„მოგეხსენებათ პანკისის ხეობა არის განსაკუთრებულად საფრთხილო და სენსიტიური მხარე, დღის განმავლობაში განხორციელებული სპეცოპერაციას შესაძლებელია მოყოლოდა მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა სამართალდამცველებისთვის, გარკვეული პროტესტი ან სხვა გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა სასამართლო განჩინება თემირლან მაჩალიკაშვილის სახლის ჩხრეკაზე“, – უპასუხა ვახტანგ გომელაურმა.
საქმე პანკისში მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეხება, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გომელაური პროკურატურამ აგვისტოში დაკითხა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ საგამოძიები ჯგუფისთვის ძალისმიერი უზრუნველყოფა გაეწია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს. დავავალე მათ უსაფრთხოდ მაქსიმალურად სიზუსტით მსხვერპლის გარეშე ოპერაციის ჩატარება“, – წერია ვახტანგ გომელაურის ჩვენებაში.
ასევე, პროკურატურაში ჩვენება მისცა სუს-ის მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმაც.
„მე ვიცოდი ღონისძიების შესახებ, მაგრამ არ ვიმყოფებოდი ადგილზე, ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში და იქედან ვუწევდი ზედამხედველობას, მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. მზად ვარ წარმოვადგინო სატელეფონო ამონაწერები და ვითანამშრომლო გამოძიებასთან“, – ნათქვამია სოსო გოგაშვილის ჩვენებაში.