თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქტივისტების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები, პირველ აპრილს მაშინ დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდნენ.
პოლიცია მათ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. დაკავებულებს შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც დღევანდელ პროცესზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.
პოლიცია მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სთხოვს.
“ეს არის შაბლონურად შევსებული დოკუმენტი, ცხადია, იქ სხვა ავსებდა სხვა გაკავებდა, მანქანაში სხვა გეჯდა. ვინც ეს შეავსო, უბრალოდ გამოიყენა შაბლონი, წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ პროცესზე, რომელიც მიდიოდა. ცხადია, მას არ დაუნახავს და არ შეუფასებია ჩემი ქმედებები – ამიტომ ამ ოქმში ზოგადი მონაცემებია ჩაწერილი, რაც სცდება რეალობას,”-ამბობს ვახუშტი მენაბდეს.
სულ ბრალდებულია აქციის 6 მონაწილე, მოსამართლემ დღეს უნდა გადაწყვიტოს, დაეკისრებათ თუ არა აქტივისტებს ადმინისტრაციული სახდელი.