27 იანვარს, 09:00 საათიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად – ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.
სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით.
ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ათი დღის წინ განაცხადა.
“პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევის მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა თბილისის ხიდების მდგომარეობის დასადგენად. კახა კალძის განცხადებით ვახუშტის ხიდის მდგომარეობა არასახარბიელოა.სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვის მანძილზე გაგრძელდება.














